ქართული ოცნების თამჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ოპოზიციონერი დეპუტატების შეხვედრა დასრულდა. ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
კობახიძის განმარტებით, დისკუსია ჰქონდათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან და ბარიერთან დაკავშირებით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო.
“ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზე. ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია, გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით.
ერთადერთი თემა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ვირტუალური ბარიერი 43%-ც გადავლახეთ – ავიღეთ 47%. ამის შემდეგ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების თემა არის დახურული, რაც უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც”,– თქვა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას ენმ-დან ესწრებოდა თინა ბოკუჩავა, სტრატეგია აღმაშენებლიდან კი გიორგი ვაშაძე. მამუკა მდინარაძის ცნობით, შეხვედრის ინიციატორი ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იყო.