პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი გახდა, არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდება. თუმცა, მისი თქმით ამაში ტრაგიკული არაფერია და არჩევნების თარიღის გადაწევა დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის. ეს განცხადება კობახიძემ ტვ იმედის ეთერში გააკეთა.
„როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, მაინც გარკვეული წესები უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ, ანტისეპტიკების გამოყენებამ და ა.შ. შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია მარტივად იძლევა პასუხს, თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი -ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს – არჩევნების ჩატარების თარიღი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.