კობახიძე: ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი. ბერძენიშვილი:კობახიძისნაირი მეჩაიე დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ“

დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა და მედიასთან “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მან კობახიძეს კამერებთან გამოსვლისა და საჯარო დებატებისკენ მოუწოდა. ეს კობახიძის მიერ პარლამენტის სესიაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის სესიაზე დავით და ლევან ბერძენიშვილებს დაესხა თავს. მას არ დაუგმია პოლიტიკოსებზე თავდასხმა და პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ “ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ”.

“ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს – შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულის მჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო”, – თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერმა, ბერძენიშვილები ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად “ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა”.

პარლამენტში მისულმა დავით ბერძენიშვილმა კობახიძეს ივანიშვილის ვეზირი და მეჩაიე უწოდა.

” ეს არის გახელისუფლებულ “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი.”

ბერძენიშვილის თქმით კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც, მაგრამ ისინი არ დამარცხებულან რომელიმე ხელისუფლებასთან.

“ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ.”- ამბობს დავით ბერძენიშვილი.

6 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა.

დეპუტატების თქმით, მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.