კობახიძე მელიაზე: როდესაც არ იღებს გირაოს, როგორ მიიღებს “ოცნების” მოწყალებას?!

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს ევროკავშირის მიერ გადახდაზე, როგორ უნდა მიიღოს “ოცნების მოწყალება”.

„რაც შეეხება გირაოს არ მიღებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში. როდესაც შენ არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას. ეს არის გაუგებარი. ამნისტიის კანონი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას მის მიერ ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი.

როდესაც არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემულ ამ მოწყალებას. ეს არის გაუგებარი და ბავშვური თამაში. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ამ პროცედურას“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია უარს ამბობს როგორც გირაოს გადახდაზე, ისე ამნისტიით გათავისუფლებაზე. მისი პოზიციაა, რომ საპატიმრო უპირობოდ უნდა დატოვოს.