„კარასინი და „ქართული ოცნება“ რამდენიც არ უნდა ეკეკლუცონ ერთმანეთს, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ მოქალაქეები, რომლებმაც კარგად ვიცით, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ოკუპირებულია და ამ საშინელ ქვეყანას, რუსეთს, აღიარებული ჰყავს ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად, ცდას არ აკლებს, რომ თავგზააბნეულ ქვეყნებს აღიარებინოს. ამ ყველაფერს ვხედავთ და ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის რუსეთი. ვიდრე ცხინვალის და სოხუმის თავზე ქართული დროშა არ იქნება, არანაირი დათბობა არ იქნება საქართველოს მხრიდან.

ძალიან დამაზიანებელია ის განცხადებები და პოზიცია რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით, რაც აქვს “ქართულ ოცნებას”, აღმაშფოთებელია და უბრალოდ, დაიბნა მთელი მსოფლიო, ჩვენ ვისთან ვართ რუსეთთან თუ უკრაინასთან, ევროპა გვინდა თუ ნახევრად ჩაძირული რუსეთისკენ მივდივართ. ეს მთელი მსოფლიოსთვის დამაბნეველია და ჩემთვის პირადად, გულისამრევია ის პოზიცია, რასაც “ქართული ოცნება” ახმოვანებს რუსეთთან და მითუმეტეს, უკრაინასთან მიმართებით, ეს გაუთავებელი პინგ-პონგი უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ მეტი საზიზღრობა თქვან, აღმაშფოთებელია. უკომპასო გემივით არის “ქართული ოცნება”. უნდა ჰქონდეს ერთი მკაფიო პოზიცია, რომ ხარ ცივილიზებული სამყაროსკენ და ცივილიზებულო სამყარო არის დღეს უკრაინისკენ და არა იმ ჩაძირული, ნახევრად დანგრეული რუსეთისკენ. მე არ ვიცი, კობახიძე რას უყურებს, არ ვიცი, შეიძლება “ენტევეს” უყურებს მხოლოდ ან “ოერტეს” და იქიდან გამოიტანა დასკვნა, ან შეიძლება სალავიოვს უსმენს, გებელსის წარჩინებულ მოწაფეს, რეალობას თუ შევხედავთ, ვხედავთ, რომ არანაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს. ამ ერთი წლის განმავლობაში უპირატესობას მიაღწია უკრაინამ საერთო ჯამში: დაკარგული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა, სამხედრო ძალა ძალიან ძლიერდება, ტექნიკით ძალიან ძლიერდება, უზარმაზარი გამოცდილება მოიღო და აქეთ ვხედავთ, რომ მარტო კაცის მკვლელებს და ვიღაც სიკვდილმისჯილებს დაარბენინებენ რუსული მხრიდან. შესაბამისად, კობახიძეს მოვუწოდებ სწორ და ნორმალურ საინფორმაციო წყაროებს ადევნოს თვალი და არა რუსი პროპაგანდისტების ტელეეთერებს,”

ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში უპირატესობა რუსეთს აქვს.