ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება “სწორია” და ის “დასავლეთმა სწორად უნდა აღიქვას”.
“ჩვენ ევროპა გვაინტერესებს, გვინდა, ესაა ჩვენი მთავარი ვექტორი ქვეყნის განვითარებისთვის სამომავლოდ. რეალურად საქმითაც ერთგულნი ვართ. საქმით ერთგულება ნიშნავს ამას, რომ ვაფასებდეთ ისეთ იდეებს, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო”,– აცხადებს ის იმედის ეთერში.
მისივე განმარტებით, ვინც პრიორიტეტად დასახავს ვიწრო პარტიულ ინტერესს, უარყოფით გავლენას მოახდენს ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.
სარჯველაძე აღნიშნავს, რომ კობახიძის განცხადება არის “განწყობის დეკლარირება” პარტნიორების მიმართ.
ცნობისთვის, დღეს ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”.
აღნიშნული განცხადება ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარირებად შეაფასა.