კობახიძის თქმით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.  ამის შესახებ,  მან ბრიფინგზე, სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება”, – თქვა კობახიძემ.