პრემიერ, ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა.
თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ მიიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად. ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო’ბრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. მინდა გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება. მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში, უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, იმას, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხები… ეს თანხა, საბოლოო ჯამში, დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, – ამბობს კობახიძე.