“კობახიძის მთავარი მიზანი პუტინთან ერთად გამოჩენაა” – ასე გამოეხმაურა, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, თაზო დათუნაშვილი, თურქმენეთში გამართულ “მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის” ფორუმზე ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის და ვლადიმირ პუტინის დასწრებას გამოეხმაურა.
“ჰეზბოლას და ჰამასის აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე ახალ წარმატებას მიაღწია ქართულ დიპლომატიაში ირაკლი კობახიძემ და ამჯერად უკვე აშხაბადში, ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება.
მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა, ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთად სხედან ერთ დარბაზში ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. როგორ ჩანს, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ავტოკრატიის ქართული მოდელი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან.
ჩვენი ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი არა ხელისუფლების მიტაცების ქართული მოდელის გაზიარებაა, არამედ დაფიქსირება ვლადიმერ პუტინთან ერთად, რომ მოხდეს ბანალიზება, საქართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელის აღმოჩენა ერთ მაგიდასთან, საქართველოში ქართველების გენოციდის მომწყობ ვლადიმერ პუტინთან.
ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდასთან, სადაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან. ამჯერად უკვე რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიერად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან, უსმენს მის მოხსენებას და სხვების მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს მას და ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენებაც, რომელიც პირდაპირ პუტინისადმი იყო მიმართული.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაცია და მტრად გამოაცხადა ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, რომლებიც 30 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იდგნენ, გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა გახდეს ავტოკრატების შავ-ბნელი ჯგუფის წევრი და საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე აღმოჩნდეს ცენტრალური აზიის, უფრო ღრმა აზიის და რუსეთის გვერდზე ავტოკრატიულ რეჟიმებში.
სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ კობახიძემ არ გაუშვა ეს შანსი, რომ წასულიყო და თურქმენეთში, აღენიშნა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის იუბილე და კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე საქართველოს თვალში კიდევ ერთხელ მოეხდინა ბანალიზება რუსეთის პრეზიდენტთან და საქართველოს მოქალაქეების მკვლელთან, პუტინთან ერთად ჯდომისა.
ეს არის საქართველოს ღალატის გზა. ეს გზა დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების ევროპულ, დასავლურ გარანტიებზე და საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა იმ ფორმის ნეიტრალიტეტის შემოთავაზებით, რომელიც ემსახურება პუტინის რეჟიმს და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის რუსეთის დიქტატორების ორბიტაზე.
“ქართული ოცნება” უკვე არცერთ ეტაპზე აღარ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა პირდაპირ რუსული გავლენის სფეროში, ის აღიარებს ამ გავლენის სფეროს, ის ღიად ლაპარაკობს ამაზე და უკვე ღიად, სიმბოლურად ფიქსირდება პუტინის გვერდით. სხვა არაფრით იხსნება ის, რომ ამ ე.წ. მშვიდობის ფორუმში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოკუპანტიც მთავარი სტუმარია და ამას მე არ ვამბობ, ასე მოიხსენიებს ამხანაგი ბერდიმუხამედოვი პუტინს, როგორც ამ ნეიტრალიტეტის იუბილეს მთავარ სტუმრად.
ამის შემდეგ, ალბათ, ერთი ნაბიჯია, რომ საჯაროდ მოხდეს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვხედავთ უკვე პროპაგანდის ჯურღმულებში, რომ ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს ვიღაც შევჩენკოების და მსგავსი არარაობების, ქართველების მკვლელების დაპატიჟებით სხვადასხვა ეთერებში და გადაცემებში.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა, მათ მიერ ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის მიხედვით დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენი ქვეყნის მიზანი არის ევროინტეგრაცია, თავისუფლების იდეის გავრცელება, საქართველოს დაფუძნება დემოკრატიულ პრინციპებზე და არა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება, ისეთი ავტოკრატიული ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება, როგორიც თურქმენეთია, მსოფლიოში ყველაზე კომიკური დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც მართავს ერთი და იმავე ოჯახი, სადაც ხელისუფლება გადაეცემა სისხლით ან ნათესაობრივი, ან მოკვლით მისი წინამორბედის და სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს შიშში, ტერორში და უკიდურეს სიღარიბეში. აი, ეს არის შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს კობახიძე. ჩვენ არ გვინდა ამ შემოთავაზების ნაწილი ვიყოთ. პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის ღალატი!
აქვე, ამ ბრიფინგის ბოლოს, წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტების ლამაზ სიას. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, გინდათ თუ არა, რომ საქართველო ამ სამყაროს ნაწილი იყოს:
თურქმენეთში სამი ვიზიტი, მესამეჯერ არის თურქმენეთში, უნგრეთში სამი ვიზიტი, აზერბაიჯანში ორი ვიზიტი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორი ვიზიტი, სომხეთში ორი ვიზიტი, ყაზახეთში ერთი, უზბეკეთში ერთი, თურქეთში ერთი, ალბანეთში ერთი, ჩინეთში ერთი. აი, ამ სამყაროს ნაწილი ხდება საქართველო, ცენტრალური აზიის, პუტინისეული იდეის ნაწილი უნდათ, რომ გახადონ საქართველო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ამ ქვეყნის ღალატი და ყველაფრით უნდა დავუპირისპირდეთ განვითარების ამ მოდელს, რომელიც ჯოჯოხეთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის”. – თქვა დათუნაშვილმა.















