სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა კოვიდის მართვის პოლიტიკა, თუმცა ის შემდეგს გულისხმობდა:
“ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით”,– წერს ომბუდსმენი.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.
“წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა. ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში. ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა… 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში…”,– აცხადებს ნინო ლომჯარია.