კოენი: რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა

როგორია ვითარება ფრონტზე, როგორ აფასებენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შანსებს დასავლეთში და რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის კონტრშეტევა? დაკარგა თუ არა საქართველომ ისტორიული შანსი?

ამ და სხვა საკითხბეზე, სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს, ელიოტ კოენს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

“ეს ომია. ასე რომ, რთულია იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია. ერთი მხრივ აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსები დამარცხდნენ, კიევისთვის ბრძოლაში, დამარცხდნენ ხარკივისთვის ბრძოლაში. ვიტყოდი აქვთ მცირედი წარმატებები, სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ძალების მოკრებას და ხელახალი იერიშისთვის მომზადებას. ხოლო უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ სამხრეთში, ხერსონის გარშემო.

ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რა გავლენა ექნება დასავლურ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას მიეწოდება. მისი შედეგები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში შესამჩნევია. უკრაინელები წარმატებით იყენებენ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მისცეს.

ასევე, მაღალი სიზუსტის არტილერიას. ეს არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი, არამედ სიტუაციის მნიშვნელოვანი განვითარებაა . უკრაინა ამ იარაღს იყენებს და იერიში მიაქვს რუსულ სამხედრო საწყობებზე. თუ უკრაინა მოახერხებს, რუსეთს შეუზღუდოს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე წვდომა, მაშინ ეს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის. თუმცა, ამას დრო გვაჩვენებს.

ვხედავთ ინტენსიურ, კონვენციურ დაპირისპირებას, რომელიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ათწლეულია მსგავსი დაპირისპირების გამოცდილება არ ჰქონია არც დასავლურ, არც რუსეთის არმიას.

რუსები, ცდილობენ გაიმეორონ, მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამახასიათებელი, გრანდიოზული ალყის ტაქტიკა. თუმცა მათ ეს არ გამოსდით. ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს, ანადგურებენ ქალაქებს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი ქვეითი ჯარი ახერხებს ამ ნანგრევების ოკუპაციას, თუმცა ძალიან მაღალი დანაკარგების ფასად.

ამიტომ რუსები წინ მიდიან თუმცა ვერანაირ გადამწყვეტ პოზიციებს ვერ იკავებენ. მათ ნგრევა მოაქვთ, პატარა ქალაქების ოკუპაციას ახდენენ. ხოლო უკრაინელები მოქმედებენ, კლასიკური ელასტიური თავდაცვის პრინციპით, როცა თმობ რელიეფს, ტერიტორიას, თუმცა ისე, რომ ამაში საფასურს ახდევინებ მოწინააღმდეგეს.

ეს არის გამოფიტვის ომის ტაქტიკა. რუსებს ამ კუთხით დიდი დანაკარგები აქვთ. ეცდებიან ამის შევსებას. ახლა სწორედ ამას ვაკვირდებით.

ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით წავა ეს ომი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება. და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა. ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა და მსგავსი რაღაცეები. ამის ნიშნები აქამდეც იკვეთებოდა. თუ რუსეთი დაკარგავს უნარს, დიდი რაოდენობით საარტილერიო იერიში და ცეცხლი მიიტანოს, მათ დარჩებათ ცუდად გაწვრთნილი და დემორალიზებული ქვეითი ჯარი, ძალიან მცირედი და მოძველებული ჯავშანტექნიკით და შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვეს დანაყოფის კოლაფსი. ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარესაც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ იციან რისთვის იბრძვიან, ეს მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. რუსი სამხედროებისთვის ეს ასე არ არის.

ამ ომის გამოწვევა ისაა, რომ ორ მხარეს სრულად შეუთავსებელი მიზნები აქვს. რუსებს, ჩანს ისევ სურთ მთელი უკრაინის დაკავება, და უკრაინელები კი ამბობენ, რომ უნდათ მათი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება.

ჩვენ უნდა გახსოვდეს მოლოდინები ომის დასაწყისში, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ რუსეთი მოახდენდა უკრაინის ოკუპაციას, და ვიხილავდით პარტიზანულ ომს. დრო დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ტრადიციული ომი იქნებოდა. სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობდნენ ხვდებოდნენ თუ რამდენად წინ იყვნენ ისინი. თუმცა ამერიკისმთავრობა ამას ვერ ხედავდა.

ამასთან, ხალხს ქონდა არასწორი წარმოდგენები რუსულ არმიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდიოდა. ეს არა მხოლოდ ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია. რუსული ჯარი საშინელ დღეშია. მათ ბევრი საბრძოლო მასალა აქვთ და დაუნდობლები არიან. მათ მიაქვთ შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც მათ გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს. თუმცა ეს არის ჯარი, რომელიც შეიძლება დამარცხდეს და უკვე რამდენჯერმე დამარცხდა ამ ომის რამდენიმე დიდ ბრძოლაში. როგორც სამხედრო ისტორიკოსი, ვიტყოდი, რომ ომის განმავლობაში რაღაცეები იცვლება და შენი წარმოდგენებიც იცვლება იმაზე, თუ როგორ მიდის ომი და ეს იყო განმსაზღვრელი [დასავლეთში გადაწყვეტილებების მიღებისას].– ამბობს კოენი.

წყარო: ამერიკის ხმა