კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა.

კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ახალი სიმპტომები დაემატა:

თავის ტკივილი

ყელის ტკივილი

ძლიერი სურდო

მკვლევარების თქმით, ეს არის ახალი ვარიანტის სიმპტომები, რომელმაც “დელტას“ სახელწოდება მიიღო.

როგორც კვლევის – Zoe Covid Symptom study,–ის ავტორი, პროფესორი ტიმ სპექტორი ამბობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც კოვიდის დელტა ვარიანტით დაინფიცირდნენ, შეიძლება მოეჩვენოთ,  რომ უბრალოდ ძლიერი გრიპი აქვთ.

ამასთან, შესაძლოა თავად დაავადებულები განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გრძნობდნენ, თუმცა ძალიან გადამდებები იყვნენ და საფრთხე შეუქმნან სხვა ადამიანებს. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოჩენისთვანავე კოვიდის ტესტი გავიკეთოთ.

პროფესორმა ათასობით ადამიანის მიერ სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში საკუთარი სიმპტომების დარეგისტრირების შედეგად მიღებული მონაცემებით გააკეთა დასკვნა, რომ კორონავირუსის კლასიკური სიმპტომები ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ვლინდება.

“მაისის დასაწყისიდან მობილურ აპლიკაციებში ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს ვიკვლევთ და ისინი ადრინდელი სიმპტომებისგან განსხვავდება“ – ამბობს პროფესორი და ასეთ ცვლილებებს “დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების ზრდას უკავშირებს, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დარეგისტრირდა, ახლა კი დიდ ბრიტანეთში შემთხვევების 90%–ს შეადგენს.

თუ დაავადებას კვლავინდებურად თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის დაკარგვა უკვე აღარ შედის კოვიდის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომების ათეულშიც კი.

“ახალი შტამი როგორც ჩანს ცოტა განსხვავებულად მუშაობს. ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მას სეზონური გრიპის რომელიღაც ნაირსახეობა აქვს, ამიტომაც განაგრძობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და შეიძლება ისინი დააინფიცირონ. ჩვენი აზრით ეს დიდ პრობლემას ქმნის. ჩვენი მოწოდება ასეთია: თუ ახალგაზრდა ხართ, დიდი ალბათობით მსუბუქი სიმპტომები გექნებათ და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს მსუბუქი სურდოა, თუმცა, თუ შეიძლება არ გამოხვიდეთ სახლიდან და კორონავირუსის ტესტი გაიკეთეთ“ – ამობობს პროფესორი ტიმ სპექტორი.

საჭიროა თუ არა ტესტი?

პროფესორ სპექტორის მიერ ჩატარებული კვლევა პირველი მსგავსი კვლევა  არ არის. ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, React study–მ ინგლისის მილიონზე მეტი მცხოვრები მოიცვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში “ბრიტანული“ ვარიანტი, ანუ ალფა დომინირებდა. ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა კორონავირუსთან დაკავშირებული არაერთი დამატებითი სიმპტომი.

კლასიკური სიმპტომების გარდა კოვიდის აშკარა სიმპტომებად დასახელდა შემცივნება, მადის დაკარგვა და კუნთების ტკივილი.

ამასთან, ოფიციალურ რეკომენდაციებში კოვიდის ყველაზე სერიოზულ ნიშნებად კვლავ სახელდება:

გამუდმებული ხველა

მაღალი ტემპერატურა

გემოს და სუნის ცვლილება ან დაკარგვა.

“არსებობს კოვიდთან დაკვშირებული სხვა სიმპტომებიც, თუმცა მათ შეიძლება სხვა მიზეზებიც ქონდეთ და თავისთავად ანალიზის გაკეთების მიზეზს არ წარმოადგენს.  თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ პროფესიონალური დახმარებისთვის“– ნათქვამია ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში.