კოვიდის გაყალბებულ სტატისტიკაზე სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე – გვარამია

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო სუს–მა საბოტაჟის მუხლით აღძრა საქმე. გვარამია ოპოზიციასა და არასამთავრობოებს მოუწოდებს, იმოქმედონ.

“მთავარი არხის უკვე მეორე სიუჟეტის გამო, რომელიც მარნეულს ეხება, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქე რესპოდენტებს, ჩვენთვის ინტერვიუს მოცემის და ამ ინტერვიუს შინაარსის გამო, იბარებს სუსი და “აკაჩავებს”.

კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო, საერთოდ საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე. ნარიმანოვის ძეგლის შესახებ სიუჟეტის გამო, კვირები სუსში ეჯდათ რესპოდენტები, მათ შორის, მუსლიმი სასულიერო პირები. რა განვითარება აქვს ამ საქმეს, ჯერ არ ვიცით.

ხალხო, ბნელა მართლა? ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მივმართავ: იმოქმედეთ!”,– წერს გვარამია.

რადიო თავისუფლების ცნობით, სუს–მა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-e მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ “ცრუ შეტყობინებების” გაგზავნის დროს დაიწყეს. სუს–ი არ გამორიცხავს მთავარი არხის ჟურნალისტების გამოკითხვასაც.

დღეს სუს–ში მთავარი არხის 2 რესპონდენტი დაიბარეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა: