კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნის თაობაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა.
გაბუნიას განცხადებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშია ვალიდური და უფრო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია. გაბუნია ამბობს, რომ უკეთესი დაცვა სიმპტომების მქონე პირების ტესტირება იქნება, რადგან ყველა მოგზაურს ტესტირებას ვერ ჩაუტარებენ.
“რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრონინგიც რჩება, ასევე იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა ზოგადად დაბალია,”- განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თერმოსკრინინგზე ეფექტური კოვიდ პასპორტი ხომ არ იქნება, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ პასპორტი და სიცხის გაზომვა ერთმანეთს არ ცვლის. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, გაბუნიას თქმით, ყველაფერს შედარებითი მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს.
“ყველაფერს შედარებით მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს და არანაირ ინტევენციასთან შედარებით თერნოსკრინინგი ეფექტურია. გახსოვთ, ბევრი შემთხვევა სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა. მაღალი რისკის ჯგუფებშია ტესტირება ეფექტური, რადგან ზოგადად, პოპულაციაში, ხედავთ, რომ შიგნით არ გაქვს. ამიტომ გამოიყოფა ის მოგზაურები, რომლებიც არიან მეტად მაღალი რისკის მატარებლები. გარკვეული ალგორითმი მომზადდება ამისთვის, იქ იქნება მოგზაურობის ისტორია, გადატანილი სტატუსიც და იდენტიფიცირდებიან ისინი, ვისაც შევთავაზებთ ტესტირებას. ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და დაიხვეწება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში,”- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს