კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები ხელახლა წესდება

ინდოეთი და შეერთებული შტატები ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ხელახალი საკარანტინო ზომები ტარდება.

ინდოეთში ერთ დღეში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსი 20,000 ადამიანს დაუფიქსირდა. ინდოეთი, შეერთებული შტატების, ბრაზილიის და რუსეთის შემდეგ, შემთხვევების საერთო რაოდენობით, მეოთხე ადგილზეა.

ინდოეთის ასამის პროვინციამ 12 ივლისამდე ახალი კარანტინი გამოაცხადა. ივლისის ბოლომდე გაგრძელდა საკარანტინო ზომები დასავლეთ ბენგალის პროვინციაში.

შეერთებულ შტატებში ფლორიდა, ტეხასი, კალიფორნია და არიზონა ის შტატებია, სადაც შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

ფლორიდა და ტეხასი

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას განაცხადა, რომ ის შტატში სანაპიროებს დახურავს. მან შემთხვევების ზრდაში ბრალი ახალგაზრდებს დადო, რომლებიც პირბადეებს არ ატარებენ და სოციალურ დისტანციას არღვევენ.

შტატმა ასევე შეზღუდვა ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა ბარებში, რადგან დესანტისის განცხადებით, შეზღუდვები არ სრულდებოდა.

მსგავსად, ტეხასის და კალიფორნიის გუბერნატორებმა, მიიღეს ბარების დახურვის გადაწვეტილება.

კალიფორნია და ვაშინგტონის შტატი

კალიფორნიის გუბერნატორმა გავინ ნიუსამმა, შტატის შვიდ საგრაფოში, ბარების დახურვის გადაწვეტილება მიიღო და დანარჩენ რვა საგრაფოში სხვებს მოუწოდა ასევე დაიხურონ.

ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ ეკონომიკის გახსნის მეოთხე ფაზა შეწყვიტა, მას შემდეგ რაც შტატში 3180 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთი კვირის განმავლობაში, რაც უტოლდება პანდემიის დასაწყისში შტატში შემთხვევების რაოდენობას.

შეერთებულ შტატებში უკვე ექვსი დღეა, რაც ყოველდღიურად 35,000 შემთხვევა ფიქსირდება. შემთხვევების რეალური რაოდენობა, ექსპერტების თქმით, იმაზე უფრო მაღალია ვიდრე მონაცემები აჩვენებს, რადგან ბევრ ადამიანს ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს.

მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა გლობალურად 502,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ერთ დღეში ახალ მსოფლიო რეკორდს მიაღწია.

წყარო: ამერიკის ხმა