კოკა მორგოშიას ძმის ჩართვის შემდეგ მერიისგან მშენებლობის ნებართვა გაიცა – გარიგება 1.8 მლნ დოლარის ოდენობისაა

კოკა მორგოშიას ძმის ჩართვის შემდეგ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა მალევე გაიცა. გარიგება 1.8 მილიონი დოლარის ოდენობისაა. აღნიშნულ ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 2018 წელს დემაქს ვაკესა და კონსტანტინე მორგოშიას ძმის, გიორგი მორგოშიას შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა.  ხელშეკრულებით გიორგი მორგოშიას ევალებოდა პროექტის მიღება და სამშენებლო ნებართვის დამტკიცება ვაკეში, ყიფშიძის მიმდებარე მიწის ნაკვეთძე.  გარიგების სანაცვლოდ გიორგი მორგოშიამ მიიღო $110,000 ნაღდი ფული $1.3-1.6 მილიონად შეფასებული 800 კვ.მ ფართი, რომლის ნაწილიც გია კორკოტაშვილს გადაუნაწილა. ამ მიწაზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება მესაკუთრეებს ჯერ კიდევ 2013 წელს სურდათ, თუმცა ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც საქმეში მორგოშია ჩაერთო.

“კონსერვარტიული მოძრაობის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი/დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა, რომელიც მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. გარდა დამფინანსებლისა ის ასევე პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ თავად კონსტანტინე მორგოშიას სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. სხვადასხვა დოკუმენტებში კონსტანტინე მორგოშია არის ციალა მორგოშიას და გიორგი მორგოშიას წარმომადგენელი და მათი სახელით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენა/გასხვისებას, ახალი კომპანიების რეგისტრაციას და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებს. ციალა მორგოშია კ. მორგოშიას დეიდაა, ხოლო გიორგი მორგოშია მისი ძმა.

“ფლანგვის დეტექტორმა” სიღრმისეულად შეისწავლა აღნიშნული პირები და მათი ქონება. შედეგად მაღალი კორუფციული რისკის შემცველი გარემოება გამოვლინდა, რომელიც მშენებლობის ნებართვასთან არის დაკავშირებული.

2018 წლის 4 სექტემბერს კონსტანტინე მორგოშიას ძმამ, გიორგი მორგოშიამ, დეველოპერულ კომპანია დემაქს ვაკესთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გიორგი მორგოშიას დაევალა მხარეთა მიერ მისაღები პირობებით პროექტისა და სამშენებლო ნებართვის მიღება, რის სანაცვლოდ დემაქს ვაკე მას გადასცემდა 800 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. საცხოვრებელი ფართის გარდა გიორგი მორგოშიას დემაქს ვაკისგან ასევე უნდა მიეღო 110,000 აშშ დოლარი.

გიორგი მორგოშიამ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მაქსიმალურ ვადად 3 თვე მოითხოვა, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალიან მცირე დრო არის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2018 წლის 4 ოქტომბერს, კომპანიამ კი მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 7 მარტს მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მორგოშიას, როგორც შემსრულებელს ჰქონდა პროექტის შეთანხმების და სამშენებლო ნებართვის მიღების ვალდებულება, ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არსად ფიგურირებს.

სამშენებლო ნებართვის მოპოვების შემდეგ დემაქს ვაკემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გიორგი მორგოშიას 800 კვ.მ-მდე ფართობის უძრავი ქონება გადასცა.

დემაქს ვაკე ელიტარული კომპლექსია სადაც საცხოვრებელი ფართის 1 კვ.მ-ის ღირებულება 1700- 2000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად გიორგი მორგოშიამ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დაახლოებით 1,360,000 – 1,600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება და 110,000 აშშ დოალარი მიიღო.

2019 წელს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მორგოშიამ დემაქს ვაკეში გადასაცემი ქონება მისივე თანხმობით გადაანაწილდა შვიდ პირზე, მათ შორის მის მამიდა ციალა მორგოშიაზე და ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერზე – გია კორკოტაშვილზე.

ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიმართვებიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ფიქსირდება მიწის მესაკუთრეების სურვილი, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინის აშენება სურდათ. თუმცა 2019 წლამდე, მანამ სანამ გიორგი მორგოშია არ ჩაერთო საქმეში, მშენებლობის ნებართვა ვერ მოიპოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობას სხვადასხვა მიზეზით არაერთი პირი ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის: პროექტის დამტკიცების შემთხვევაში საჭირო ხდებოდა ჯანსაღი წიწოვანი და სხვა სახის ტყე ნარგავების მოჭრა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გამოიწვევდა იქვე არსებული სკვერს, საბავშვო მოედანს, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობების დაჩრდილვას.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად 2019 წლის 7 მარტს მიწაზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. 2021 წლის 19 ნოემბერს კი პროექტში ცვლილებები შევიდა და საცხოვრებელ კორპუსს დაემატა 2 სართული.

აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო საყურადღებოა 2021 წლის 13 სექტემბერს მედიით გავრცელებული, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შემცველი ჩანაწერების გათვალიწინებით, სადაც საუბარია თბილისის მერი კახა კალაძისა და კონსტანტინე მორგოშიას ურთიერთკავშირზე.

ჩანაწერებში, ძალადობრივი და ჰომოფობიური ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთ ლიდერთან, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას უკანონოდ ორჯერ მისცა მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე ჩანაწერების მიხედვით თბილისის მერის მიერ დაფინანსებული იქნა მათი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან მერმა დახმარების მიზნით კონსტანტინე მორგოშიას 300,000 აშშ დოლარი გადასცა.

დემაქს ვაკის შემთხვევა ძალიან გავს კიდევ ერთ შემთხვევას რომელიც ასევე მერიის სამშენებლო ნებართვასთან და მიწის ნაკვეთის პრივატიზაცისთან არის დაკავშირებული.

ამხანაგობა ი.მ.ა აკურიმ თბილისის მერიას მიმართა, რადგან ვერ ასრულებდა 27 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. მერიამ განახორციელა ხელშემწყობი ღონისძიებები და მშენებარე კორპუს შეუმცირა განაშენიანების კოეფიციენტი (27 სართულიდან 13 სართულამდე). ამხანაგობამ არსებული მშნებლობიდან 1267 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა მერიას სადაც მოეწყობა სარეკრეციო ზონა, ხოლო სანაცვლოდ მერიისგან მიიღო 7700 კვადრატი ფართი ნუცუბიძის ფერდობზე. თბილისის მერიამ 7700 კვადრატი მიწა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიყიდა ი.მ.ა-ს. ამ მიწის რეალური ღირებულება 3,400,000 ლარია, ხოლო მერიის მიერ მიღებული ფართის ფასი 1,000,000 ლარზე მეტი.

ამხანაგობამ ნუცუბიძეზე დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც გიორგი მორგოშიას 400 კვადრატი საცხოვრებელი ფართი გადასცა. როგორც ირკვევა, მორგოშიამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიიღო, რითაც გადაიხადა ფართის საფასური.

გამომდინარე იქიდან, რომ დემაქს ვაკის შემთხვევაში დაზუსტებულად ვიცით, რომ მომსახურება რომელიც გიორგი მორგოშიამ გაწია დაკავშირებულია თბილისის მერიასთან მოლაპარაკებაზე და მშენებლობის ნებართვაზე, შეგვიძლია ვივარუდოთ რომ ამ შემთხვევაშიც გიორგი მორგოშიას მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებულია თბილისის მერიასთან, რის საფუძველზეც ამხანაგობამ მიიღო 7,700 კვადრატული მიწის ნაკვეთი თბილისში.

ზემოთ აღნიშნული ორივე შემთხვევა საეჭვოდ ემთხვევა სუს-ის ფაილებში ნახსენებ ორ სავარაუდოდ უკანონო სამშენებლო ნებართვას, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მორგოშიას მისცა. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევამოწმებთ ჩანაწერებში ნახსენებ ფაქტების ნამდვილობას, თუმცა არსებული დამთხვევა კითხვის ნიშანს აჩენს, რაც თავისმხრივ სამომავლო კვლევას საჭიროებს.”

წყარო : ფლანგვის დეტექტორი