ხუთი ადამიანი მოკლეს შაბათს ღამით აშშ–ში, ჰომოსექსუალთა ღამის კლუბში Club Q, ქალაქ კოლორადო–სპრინგსში, კოლორადოს შტატში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით დაშავდა კიდევ 18 ადამიანი.
სროლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებში ჩანს უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების მანქანები მოციმციმე შუქებით, რომლებიც დაწესებულების გარეთ არის გაჩერებული.
პოლიციამ შემთხვევის შესახებ ზარების მიღება ადგილობრივი დროით 23:57 საათიდან დაიწყო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ– თქვა კოლორადოს სპრინგსის პოლიციის ლეიტენანტმა პამელა კასტრომ.
„მათ იპოვეს ერთი ადამიანი, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ეჭვმიტანილია“, – თქვა კასტრომ, „ამ დროისთვის ეჭვმიტანილი სამედიცინო დახმარებას გადის, მაგრამ ის დაკავებულია.
კასტრომ არ დააკონკრეტა, შედის თუ არა ეჭვმიტანილი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვში.
პოლიცია შესაძლო მოტივებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. კოლორადო–სპრინგსის სახანძრო სამსახურის კაპიტანმა მაიკ სმოლდინომ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 11 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.
”ჩვენ აქ ვიქნებით კიდევ მრავალი საათის განმავლობაში”, – თქვა კასტრომ და დასძინა, რომ FBI ადგილზე იმყოფება და პოლიციას დახმარებას უწევს.
Google –ის საძიებობ სისტემაში Club-Q აღწერაში წერია, რომ ის არის „ზრდასრულებზე ორიენტირებული გეი და ლესბოსელების ღამის კლუბი, რომელიც მასპინძლობს თემატურ საღამოებს, როგორიცაა კარაოკე, დრაგ შოუები და ცოცხალი დიჯეები“.
ფეისბუქის გვერდზე, კლუბ Q-ს განცხადებაში ნათქვამია:
”ჩვენ განადგურებულნი ვართ ჩვენს საზოგადოებაზე უაზრო თავდასხმის გამო… მადლობელი ვართ სწრაფი რეაგირებისთვის ჩვენი გმირი სტუმრების, რომლებმაც დააკავეს მსროლელი და შეაჩერეს ეს სიძულვილის თავდასხმა“