კომენდანტის საათის გაუქმების მანიფესტს 28 000-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი

28 ათასამდე ხელმოწერა აქვს პეტიციას, რომელიც კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს.ამ დროისთვის მოთხოვნას 27 976 ხელმოწერა ფიქსირდება.

“საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს,

2021 წლის 21 აპრილს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ, 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერთა რაოდენობა შეივსო, მოქალაქეთა აქტივობა არ წყდება და ამ დროისთვის, მანიფესტს 26000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა (იხ. https://manifest.ge/item/3266).

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცნობიერებული აქვს თავისუფლების და განვითარების შესაძლებლობის შეზღუდვა –  მიმოსვლის თავისუფლებაში უმკაცრესი ჩარევა (ე.წ. კომენდანტის საათი) – რომელიც მოქმედებს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში და გამომდინარეობს როგორც პარლამენტის მიერ მიღებული კანონიდან, ასევე ამ კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული რეგულაციის დარღვევისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციებს, რომელსაც სამართალდამცავები ყოველდღიურად იყენებენ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ჩვენს მოქალაქეებს.

მანიფესტზე ხელმომწერთა რაოდენობა და მათი შეგროვების ტემპი, ჩვენთვის უპირობოდ ნიშნავს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, შესაძლოა დაგვიანებულად, მაგრამ იმავე პოზიციას იზიარებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მანიფესტზე ხელმომწერი 26,000-ზე მეტი მოქალაქის სახელით, მოგმართავთ:

საქართველოს მთავრობას:

  • საკოორდინაციო საბჭოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოთ საკითხი დასახელებული შეზღუდვის გაუქმების შესახებ;
  • განიხილოთ ჩვენ მიერ 2021 წლის 13 მაისს წარმოდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მთავრობის დადგენილების ცვლილების პროექტი.

საქართველოს პარლამენტს

  • გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები;
  • საჯარო სხდომაზე, დაიბაროთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და მოისმინოთ მისი ახსნა-განმარტებები ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების შესახებ;
  • შესაძლებლობა მიეცით მანიფესტზე ხელმომწერ პირებს და დაინტერესებულ ადამიანებს, დაესწრონ ზემოხსენებულ მოსმენას და დასვან შეკითხვები, რაც მათი უფლებაა.

საუკეთესო სურვილებით”.- აღნიშნულია მიმართვაში.

მანიფესტის ორგანიზატორები:

  • გიგი თევზაძე
  • გიორგი ჩიტიძე
  • თენგიზ თევზაძე