„საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები – ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.
ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს.
მოგეხსენებათ კოლექტორი “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.
უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“
აცხადებს მამუკა მდინარაძე.