კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 22:13

კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს, სამინისტროს ტენდერი მოიგო

კომპანია ერ ტე დეს, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ კომპანია “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული.

“კომპანია, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ შავ სიაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა დაახლოებით 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი- ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ – რატომ ჩაბარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა – პასუხი არის მარტივი – კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს შავ სიაში, ეს კომპანია იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია, ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან.” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესყიდვისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა, პრეტენდენტებისგან წინადადებების მიღება კი 2023 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. სამუშაოების შესრულება სულ 3 კომპანიას სურდა, რომელთაგან გამარჯვებულად სწორედ ერ ტე დე გამოცხადდა. აღნიშნულ შპს-ს კონტრაქტი 18 იანვარს გაუფორმდა. შპს ერ ტე დეს იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. კომპანია ვალდებულია, სამუშაოების დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 1 წელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულოს.