კომპანიამ უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა გვთხოვა, გადავაბრძანეთ – წყალტუბოს მერია

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი კომენდანტის საათის დროს მოხსნეს.

წყალტუბოს მერია აცხადებს, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა სთხოვა, მათ კი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გადააბრძანეს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია ენკა. ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.

გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს”,– წერია მერიის განცხადებაში.