კომპანია “ზეგ” ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“ღიმილისმომგვრელია ზემოაღნიშნულის გუნდურ საქმიანობად მოხსენიება, ხოლო ღია პლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა, დანაშაულებრივი მიზნებისთვის საქმიანობაზე აპელირება უბრალოდ აბსურდია. “- ასე ეხმაურება, კომპანია “ზეგი”,  “მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას სადაც საუბარია კომპანიის სავარაუდოდ საეჭვო დანაშაულებრივ საქმიანობაზე, მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოპარვასა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე.

„შპს “ზეგ” ეხმაურება 13 ივნისს ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემებში: “პოსტ ფაქტუმსა” და “მთავარ აქცენტებში” გაჟღერებულ მორიგ ცილისწამებას, ამჯერად კომპანიის სუს-თან თანამშრომლობისა და ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიის ტექნიკური მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის დანაშაულებრივი საქმიანობის, ამჯერად ფიშინგის შესახებ, რასაც გადაცემების წამყვანები და მოწვეული სტუმრები აჟღერებდნენ, ხოლო მტკიცებულებად მოჰყავდათ ნიკოლოზ გეჯაძის საჯარო სოციალური ქსელი “GitHub”-ით სარგებლობა. ამასთან დაკავშირებით გვსურს ვაღიაროთ, რომ ნიკოლოზ გეჯაძე, ისევე როგორც კომპანიის 50-ვე თანამშრომელი, “GitHub”-ის გარდა, სარგებლობს “Facebook”-ით, “Twitter”-ით, “LinkedIn”-ით და სხვა სოციალური პლატფორმებით, აქედან გამომდინარე, ველით “ჟურნალისტური” გამოძიებების შემდგომ სერიებს ამ მიმართულებებითაც.

“GitHub”-ი წარმოადგენს ღია, საჯარო პლატფორმას, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 65 მილიონზე მეტი დეველოპერი სარგებლობს. პლატფორმაზე პროგრამისტები საკუთარ ნამუშევარს, პროგრამებს (კოდებს/სკრიპტებს) განათავსებენ, რომლებიც ატვირთვის შემდგომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება უფასოდ. გამომწერებს (followers) შეუძლიათ ისარგებლონ ატვირთული პროგრამებით, გახდნენ კონტრიბუტორები (შეცვალონ/დააშენონ/მიამატონ პროგრამები) საკუთარი საჭიროების მიხედვით და გაუზიარონ აღნიშნული პროგრამები თავიანთ გამომწერებს.

“11-კაციანი გუნდი”, რაზეც გადაცემებში აპელირებდნენ, წარმოადგენს 11 უცხო ადამიანს, რომლებმაც ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაწერილი კოდით ისარგებლეს და/ან მოდიფიკაცია გაუკეთეს საკუთარი საჭიროების მიხედვით. ნახსენები პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ შაბლონს (framework), რომელიც სხვა დეველოპერებს უმარტივებს სამუშაოს, რადგან სტანდარტიზაციას უკეთებს პროგრამის წერის მეთოდებს. აღნიშნული პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, და მაგალითად “Facebook”-სგან განსხვავებით, სადაც მეგობრებს და ნაცნობ ადამიანებს ვიმატებთ, “GitHub”-ზე გამომწერები (followers) შეიძლება იყვნენ სრულიად უცნობი ადამიანები, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ღიმილისმომგვრელია ზემოაღნიშნულის გუნდურ საქმიანობად მოხსენიება, ხოლო ღია პლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა, დანაშაულებრივი მიზნებისთვის საქმიანობაზე აპელირება უბრალოდ აბსურდია. იმავე წარმატებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მაგალითად “Facebook”-ზე ან “LinkedIn”-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლები წარმოადგენენ თავიანთი მეგობრებისა თუ გამომწერების მენეჯერებს და გუნდურად მისდევენ დანაშაულებრივ საქმიანობას” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. “ზეგ”-ში ეჭვს გამოთქვამენ “მთავარის” რესპონდენტის, ექსპერტ გიორგი ქართველიშვილის კვალიფიკაციის შესახებაც და ამბობენ, რომ მისი, ცოდნა პროგრამირების მიმართულებით შეზღუდულია და ეს მარტივად მკიცდება მისივე ვებ-საიტით, რომელიც ხარვეზებიანი ვორდპრესის მზა შაბლონზეა აწყობილი.

გიორგი ქართველიშვილი, რომელიც “მთავარს” პროგრამისტად ჰყავდა ჩაწერილი თამარ ბაჩალიაშვილისა და კომპანია “ზეგ”-ის შესახებ მომზადებულ მასალაში, თავისივე ვებ-საიტის მიხედვით არა პროგრამისტი, არამედ პროდუქტ დიზაინერია. 2014 წელს ის “სამოყვარულო ჟურნალისტიკასაც” ეწეოდა თავის მეგობრებთან ერთად და როგორც მაშინ ამბობდა, ამ საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდა იმ დროისთვის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი.

“იმედს ვიტოვებთ, რომ მისი პროექტების ჩამონათვალში არსებული რუსული კომპანია “ბელროსსტროი” (БЕЛРОССТРОЙ) მის მიერ შეძენილი შაბლონის ნაწილია, რომელიც სხვისი პროექტების დაკოპირებისას შემთხვევით გადმოყვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მის მიერ ნიკოლოზ გეჯაძის “GitHub”-ზე რუსი თუ უკრაინელი გამომწერებით (followers) აპელირება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

ზემოაღნიშნული ბრალდება ფაქტობრივად წინა ბრალდებების გაგრძელებაა, რომელიც „ტროლებისა და ბოტების“ ქარხანას, რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ამერიკულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ბავშვთა პორნოგრაფიას, თანამშრომელთა მიერ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბულინგს შეეხებოდა. ეს უკანასკნელი ბრალდება, 13 ივნისის გადაცემაში სრულიად შეიცვალა და ამჯერად “ზეგ”-ის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა ზედმეტი განებივრებით, მათთვის საჩუქრების გადაცემით, უცხოეთში დასვენებით, სახლებისა და მანქანების ჩუქებით ჩანაცვლდა” – ვკითხულობთ კომპანია “ზეგ”-ის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ სატელევიზიო ეთერებში და “ფარსში” მონაწილეობას.