“არანაირად არ შეიძლება უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან მორიდებული, ძალიან კარგი გოგო იყო, რომელიც არანაირ პრობლემაში და კონფლიქტში არავისთან არ იყო”,– ასე პასუხობს კომპანია “ზეგ” ის დირექტორი, თამარ კობერიძე კითხვას, შეიძლება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდებოდეს.
მისი თქმით, სიურპირზი არ ყოფილა, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წავიდა.
“ვიცოდი, რომ შეიძლება წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ბევრ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწვალობ და თან ბევრი დრო აღარ მაქვს. ვიცი, რომ ეს ლაპარაკი ჰქონია. ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე, სამსახურიდან მიდიოდა”.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.
“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, – აცხადებს თამარ კობერიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.