თბილისის მერია კახა კალაძე აცხადებს, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და მხარეები ერთმანეთს ტელევიზიებით არ უნდა ესაუბრონ.
“საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ის უნდა იყოს ორმხრივი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აუცილებელი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხედით, როგორც მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები შეუძლებელია ასე დისტანციურად, ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს.
ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ხდება პოლიტიკური კრიზისები. ამას შემდეგ სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. მე არ ვითხოვ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ რაღაც არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც სჭირდება პატივისცემა. ასევე, კანონს სჭირდება პატივისცემა და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომ საზოგადოებამაც გაითავისოს, კანონი არის უზენაესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმას, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა”,- ამბობს კახა კალაძე.