კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მინისტრის გენიტალიების კადრის გამო სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში “უხამსობის შემცველი” სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მტკიცებით, მათი მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა,.

საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც კომიისის შეფასებით, არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს.

“მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით, მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი – გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე – ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს მამაკაცის გენიტალიებს. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია”, – წერს მარეგულირებელი.

კომუნიკაციების კომისიამ განხილვის შედეგად შეაფასა, რომ უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის უფლებები დაირღვა.

“ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხის“ მიერ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი გადაცემა ზღუდავს მისი ადრესატების – ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირად ცხოვრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ, ამიტომ კომისიამ არ დაადასტურა უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებით ადრესატების – ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების უფლების დარღვევა”,- აცხადებს კომისია.

“სამართალდარღვევა” მარეგულირებელმა მის განხილვამდე ასე აღწერა:

“სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი (სიუჟეტის განთავსების მომენტში) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.