კომუნიკაციების კომისიის 5-მა წევრმა 5 ევროპელ პრემიერზე მეტი ხელფასი აიღო – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 2019-2020 წლებში 2 096 100 ლარი დაიხარჯა.

“მიუხედავად კომუნიკაციის კომისიის საქმიანობის ირგვლივ არსებული კრიტიკული შეფასებებისა, საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა სწორედ მარეგულირებელი კომისიის წევრობაა. 2019-2020 წლებში კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 16 650 ლარს შეადგენდა, ხოლო თავად წევრების ხელფასი 15 818 ლარს, წლის განმავლობაში 5-ჯერ კომისიის წევრები პრემიასაც იღებდნენ”,- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, 2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრების ხელფასები ერთად აღებული.

“კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16 650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია – პოლიტიზირებული, მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო”,- წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.