აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის შეჩერებაზეა საუბარი.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.
სწორედ ამის კრიტერიუმების დაუკამყოფილებლობის შემთხვევაში, აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს შეუჩერებს.
კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებისთვის ის ჯერ წარმომადგენელთა პალატის სრულმა შემადგენლობამ, შემდგომ კი სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდგომ შედის.