კონგრესმა შესაძლოა ბაიდენს ამერიკული არმიის უკრაინაში გამოყენების უფლება მისცეს–რეზოლუციის დეტალები

აშშ–ს კონგრესში უკვე განიხილავს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს მისცემს უფლებას ამერიკის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ–ს საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციაა განთავსებული. რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა ადამ კინზინგერმა შეიტანა.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი რეზოლუციას დაამტკიცებს, თეთრ სახლს უფლება ექნება აშშ–ს შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიყვანოს. თუმცა, მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

რესპუბლიკელი სენატორი ამტკიცებს, რომ მისი დოკუმენტი ვაშინგტონს  “თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების შესაძლებლობას მისცემს, რომლებიც ავტორიტარიზმს მტკიცედ უპირისპირდებიან“.

“ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ათასობით მოკლეს. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მასობრივი სიკვდილით დასჯა და უთვალავი ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატიურების შესახებ პრაქტიკულად უკონტროლოა. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ამ სიმხეცეს ბოლო მოვუღოთ. წარმოვადგენ ამ რეზოლუციას, როგორც მკაფიო წითელ ხაზს, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ქონდეს შესაბამისი ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის დასაცავად, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“– ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.

კინზინგერის თქმით, ჯო ბაიდენს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არმიის მთავარსარდალია, უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ვლადიმერ პუტინის აგრესიის შესაწყვეტად.

CBS News–ის ეთერში რესპუბლიკელმა სენატორმა განმარტა, რომ კონგრესში განსახილველად შესატანი დოკუმენტი არ ავალდებულებს პრეზიდენტს ამერიკული არმია უკრაინის ტერიტორიაზე აამოქმედოს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამ გზით ბაიდენს დამატებითი ბერკეტები უჩნდება, რითაც შეძლებს პუტინზე გავლენა მოახდინოს.

“თუ ვლადიმერ პუტინს უნდა დასავლეთთან ურთიერთობა გაამწვავოს, ის ამას გააკეთებს. მისთვის ეს ადვილია. და ჩემი აზრით, ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ლენდ–ლიზი, დაფინანსება, იარაღის მიწოდება სწორია… მეორე მსოფლიო ომამდე იყო მომენტები, როცა არავის არ უნდოდა ჩარევა, მაგრამ ბოლოს ყველა მიხვდა, რომ უნდა ჩარეულიყო. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ასე არ მოხდება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ “– თქვე ტელეარხის ეთერში კინზინგერმა.