საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება და მას უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ქვეყნის პროგრესის უკუსვლაზეა საუბარი, აცდენილია რეალობას.
“ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალინი. არც არის მისი მხრიდან გასაკვირი, ეს არის ფრონტერას მხარდამჭერი მესიჯბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან.
თავისთავად ის, რომ წერილში ჩამოთვლილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის გასაკვირი. ერთ-ერთი დეტალი, რაც წერილში მითითებულია, თურმე საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წერილი აცდენილია რეალობას”, –ამბობს ბერაია.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.
“მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.
წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული, ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი.