კონგრესმენების წერილი გზავნილია, რომ გვჭირდება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა – სამადაშვილი

ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი კონგრესმენების მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, ეს წერილი ნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ის კონგრესის რამდენიმე წევრმა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ ერთხელ ერთობლივად მიმართა. საუბარი არის რუსი ოლიგარქის მიერ მანიპულირებული ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე. ეს, ჩემი აზრით, არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება ოქტომბერში, არჩევნების გზით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა, თუ ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გააგრძელოს აშშ-სთან ის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც სჭირდება”,– განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონის გზავნილებია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეგიონში ამერიკულ სტრატეგიულ ინტერესებს ავიწროვებს, მათ შორის არ აძლევს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ამერიკელ ინვესტორებს და ჩვენს რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენას აძლიერებს.

“ვფიქრობ, რომ თავისთავად მეტყველებს და შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის სტარატეგიულ ინტერესებშიცაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება,“ – ამბობს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

“მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.