კონკურენციის სააგენტომ 19-თვიანი მონიტორინგის შედეგად პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის 19–თვიანი მონიტორინგი დაასრულა. კონკურენციის სააგენტო იკვლევდა, რამ განაპირობა 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, “წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს მაღაზიებში პური დაახლოებით 5-10 თეთრით გაძვირდა, რის შემდეგაც, მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს საკითხის შესწავლა დაავალა.

ამ პერიოდში პური არაერთხელ გაძვირდა. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით პურისა და პურპროდუქტების ფასმა 10%–ით მოიმატა.