“კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია” – სახალხო დამცველის მოადგილე “ალტ ინფოზე”

“კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია” – ამის შესხებ, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში წერს, რითიც პუტინისტური და ძალადობრივი დაჯგუფების ალტ-ინფოს მიერ პარტიის დაფუძნებას ეხმაურება. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში ხოლო პროცესის ინიცირება შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

”ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.
ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.
კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:
ა. პრეზიდენტს;
ბ. მთავრობას;
გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად”-წერს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ უტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, ჯგუფმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა.  დაჯგუფების ლიდერები ღიად აცხადებენ რომ ისინი პრორუსები არ იქნებიან რადგან პირდაპირ რუსეთთან ექნებათ დიალოგი. ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.