“კონტრპროდუქტიულია და შეიძლება საზიანოც“– აშშ-ს ელჩი ნატოში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ

შეერთებული შტატები ჯერჯერობით არ თვლის  სასარგებლოდ რუსეთის ოფიციალურად დასახელებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ნატოში აშშ-ის ელჩის ჯულიანა სმიტის განცხადებით, ვაშინგტონი მსგავს აღიარებას კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს, წერს ამერიკის ხმა.

”ვფიქრობ, თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის და ადმინისტრაციის სხვა წევრების კომენტარები. ვაშინგტონში აზრით, ეს ახლა არ არის საჭირო და, ფაქტობრივად, შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს შესაძლებლობებს, მაგალითად, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას, ან უკრაინიდან მარცვლეულის გარკვეული რაოდენობის გატანას“- თქვა სმიტმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების და ექსპორტის შეზღუდვების შემოღებაზე.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარება

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პირველად ცნო რუსეთის რეჟიმი ტერორიზმის სპონსორად.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის რეჟიმი ტერორისტულად ცნო რამდენიმე ქვეყნის პარლამენტებმა, კერძოდ, ჩეხეთის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტებმა. ჰოლანდიის პარლამენტმა და ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარეს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ინიციატორად გამოვიდა აშშ–ს კონგრესიც, თუმცა თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

21 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა და გამოვიდა მოწოდებით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.