კონფლიქტის უკრაინის მეზობელ ქვეყნებში გავრცელება არაა გამორიცხული – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს, მათ შორის, მოლდოვაში.

„დნესტრისპირეთში ბოლო ინციდენტები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გავრცელება არ არის გამორიცხული. უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, მათ შორის მოლდოვას“, – განაცხადა მაკრონმა Unian-ის ცნობით.

მისი თქმით, საფრანგეთი აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რეგიონულ უსაფრთხოებასა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფის საკითხს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მოლდოვა მძიმე ჰუმანიტარული ვითარების წინაშე აღმოჩნდა, ამიტომ საფრანგეთი და მისი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ქვეყანამ, რომელმაც მიიღო ათიათასობით ლტოლვილი, მიიღოს ყველა საჭირო დახმარება.