საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული. ის გვიან ღამით კლინიკა “გორმედში” შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმ დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. ფიქსირდებოდა გარკვეული რაოდენობით სისხლის დანაკარგი, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – განაცხადა დავით გასიტაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.