კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ გაიდლაინებით, რომელიც დღეს დამტკიცდება, PCR ტესტი დღეში 1000 ადამიანს ჩაუტარდება.

ტიკარაძის თქმით, საქართველოს ,,ამის საშუალება” აქვს.

,,დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება ეს ტესტირება უფრო მეტად გაფართოებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ხარვეზად არ თვლიან იმ ფაქტს, რომ მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე მეტი ტესტია ჩატარებული, რადგან მიზნობრიობის მიხედვით საქართველოს კარგი შედეგები აქვს

საქართველოში 27 აპრილის ჩათვლით ახალ კორონავირუსზე ჯამში 13 673 ტესტი ჩატარდა.

ოპოზიცია ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, ჩაატაროს მასობრივი ტესტირება, რათა დადგინდეს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში.

ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოში 539 ადამიანს დაუდასტურდა, 178 განიკურნა, 6 – გარდაიცვალა.