ჩეხი ტურისტი, რომელიც საქართველოს მარტის დასაწყისში სტუმრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა, გაკოტრდა. როგორც ირკვევა, ის ტურისტული ბიზნესით იყო დაკავებული, კერძოდ კი ალპინისტების გიდი იყო და საქართველოში ჩეხეთის მოქალაქეები ჩამოჰყავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა ბარიერში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ პრაღიდან ჩართვისას განაცხადა:
“გუდაურში რომ იყო ჩეხი ტურისტი და აღმოჩნდა ვირუსი, ამასწინად ადგილობრივ მედიაში მისი ინტერვიუ იყო. ძალიან კარგად ლაპარაკობდა საქართველოზე. ის ამბობს რომ გაკოტრდა ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ის მკურნალობდა კორონავირუსზე. რადგან ის იძულებული იქნა დაებრუნებინა თანხა იმ ხალხისთვის, რომლებიც ჩაწერილნი იყვნენ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსასვლელად. კორონავირუსისგან განიკურნა, მაგრამ ახლა გაკოტრდა.”–თქვა კობა ლიკლიკაძემ, რომელიც ჩეხეთში პანდემიის შედეგად ბიზნესის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტის პერიოდში გუდაურში 6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა რომელთაგან 3-ს 16 მარტს, სამშობლოში დაბრუნების შემდე კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გუდაურში მდებარე რესტორნის, “მთვრალი ალუბლის“ ადმინისტრაციამ განაცხადა. რესტორანი დაიკეტა, მისი თანამშრომლები კი თვითიზოლაციისა და დაკვირვების რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა საბოლოოდ კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.
უცხოურ მედიასთან ინტერვიუში რომან კოზელკა ყვება, რომ ჩეხეთში დაბრუნებისთანავე ჯგუფის წევრებს თხოვა კარანტინში დარჩენილიყვნენ, სანამ საკუთარ მდგომარეობას დააზუსტებდა, რადგან მის გარდა ყველა კარგად გრძნობდა თავს. ის აეროპორტიდანვე წაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით, თუმცა ტესტი არ გაუკეთეს, რადგან საქართველოს რისკ ჯგუფის ქვეყნებში არ შედიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარი მოგზაურობის ისტორიის შესახებ ეპიდემიოლოგებს მიწერა და მოუყვა მისი მოგზაურობის ისტორია ავსტრიაში, საქართველოსა და ისრაელში მას ტესტი ჩაუტარეს, შედეგი კი დადებით ი აღმოჩნდა.
“ავადმყოფობის მთელი პერიოდი სახლში მარტო ვიყავი. ექიმს ელექტრონული ფოსტით ვატყობინებდი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხანი ვიყო კარანტინში, როგორ დავალაგო სახლი, მანქანა და ასე შემდეგ. როგორც კი გავიგე, რომ კორონა ვირუსი მქონდა, მაშინვე დავურეკე ყველას, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტში ვიყავი. ერთ სლოვაკსაც აღმოაჩნდა დაავადება, მაგრამ ტესტის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწია, ისევე როგორც მე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჩეხური მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“– ამბობს კოზელკა და იმასაც ყვება, როგორ შეატყობინა საკუთარი დაავადების გაგების შემდეგ ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს:
“ვიგრძენი, რომ მქონდა ვალდებულება მათთვის ამის შესახებ მეცნობებინა. დავუკავშირდი სასტუმროს და ტაქსის მძღოლს. ძალიან სწაფად დამიკავშირდნენ ქართული უწყებები. საქართელოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დეტალურად გამომკითხა ინფორმაცია. გავაგზავნე ყველა კონტაქტი, რომლებიც საქართველოში მქონდა, ტაქსების ჩათვლით, ასევე რესტორნებში გადაღებული ფოტოები. ბერიც კი გაგვახსენდა, რომელსაც მონასტერში ვეწვიეთ. ქართველები, ჩემი ინფორმაციით, ძალზედ გულდასმით ატარებდნენ ტესტირებას. 150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიყავით. ასევე ის ბერიც, რომელმაც მომწერა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.“– ამბობს ჩეხეთის მოქალაქე.