ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.
„ამ ეტაპისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილია 600 საწოლი საავადმყოფოებში, დატვირთვა არის 65%. ამ დატვირთვის შემთხვევაშიც, არის რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები სასტუმროებში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საკარანტინო სივრცეში მკურნალობა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე სამ სასტუმროში დღეიდან დაიწყება.
„65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება. უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“, – განაცხადა მინისტრმა.