ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ეზუგბაიას თქმით, პაციენტის კონტაქტების ხელახალი კვლევა მიმდინარეობს.
“კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია, საკარანტინო სივრციდანაა თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დავადასტურებ, არ ვიცი. ერთი პაციენტია რომლის კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია, რომელთა PCR დიაგნოსტიკა განმეორებით კვლევას საჭიროებს, დღეს განმეორდება და დადასტურდება, რამდენად ეს პირებიც იქნებიან ინფიცირებულები”, — თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს, 1-ის მდგომარეობა კი კრიტიკული რჩება.
საქართველოსი კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 639-მდე გაიზარდა.
დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-ია. კორონავირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი.