COVID-19-ით უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – მეუფე იობი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის თქმით, კორონავირუსით ის მოხუცები იღუპებიან, რომლებიც ,,უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”.

,,ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ”,- ამბობს ქადადებისას მეუფე.

მისივე განცხადებით, ეს ვირუსი ხელოვნურად ,,თავსმოხვეული ფსიქოზია”, საგანგებო მდგომარეობა – ,,მასონური გადაწყვეტილება”.

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”,- განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

კორონავირუსი პანდემიაა, რომლის გავრცელების შედეგად მსოფლიოში 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 129 ათასი გარდაიცვალა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი და რამდენიმე პატარა ქალაქი. ასევე, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.