კორონავირუსის გამო აფხაზეთში პანიკური ვითარებაა-პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ფორმულას ეთერშიკორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

ის ამბობს, რომ  რეგიონში ამ დროისთვის პანიკური ვითარებაა.

„აფხაზეთში ვითარება საკმაოდ პანიკურია. არჩევნებამდე არ ახსოვდათ კორონავირუსი, დაძაბული ვითარება იყო მაგრამ 22 მარტს, არჩევნების დღეს, რომელიც უკანონოა და საქართველოს კანომდებლობას არ შეესაბამება, ყველა აფხაზი გაოგნდა იმ უდარდელობით, თუ როგორ ჩატარდა კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნები. დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, დიდხანს არ იშლებოდნენ. ახლა ყველას ჰგონია, რომ იმ დღეებში, შეიძლება ვირუსის გავრცელების რაღაც კერები განვითარდა და ელოდებიან, რომ ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს, ამიტომაც ჩაიკეტნენ ყველანაირად“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ფსოუს ე.წ. საზღვარზე რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ავტომობილების გაზრდილ ნაკადს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობა აფხაზეთის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ბრუნდებოდნენ, თუმცა მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინის არ არსებობის გამო, რუსეთის მოქალაქეებიც შევიდნენ.

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებისთვის ჩამოდიოდნენ იყვნენ ბევრი მათგანი სოჭში და კრასნოდარის მხარეში. ამიტომ ხშირად დადიან ხოლმე. ბევრი მათგანი არჩევნების დღეს მოდიოდა სამშობლოში რათა მონაწილეობა მიეღოთ. ამავე დროს, დაფიქსირდა რუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ან მოსკოვში მიდიოდნენ თურქეთიდან და კრასნოდარის მხარეში ჩარჩნენ, და არ უნდოდათ იქ დაბრუნება სადაც უკვე კარანტინი იყო, გაგონილი ჰქონდათ რომ აფხაზეთში კარანტინი არაა და ცოტა ხნით გავჩერდები აფხაზეთშიო. გარკვეული რაოდენობა რუსების შევიდა სწორედ ამ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.