კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ყალბი მედიკამენტების რაოდენობა იზრდება. ექსპერტებს საგანგაშო პროგნოზები აქვთ

პანდემიისა და კარანტინის ფონზე განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ყალბი მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ასეთი საშუალებების მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ორგანიზაციის ერთ–ერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება კიდევ ერთი –უხარისხო და ყალბი წამლების პანდემია გამოიწვიოს.

მთელ მსოფლიოში ადამიანები მედიკამენტებს იმარაგებენ. ჩინეთი და ინდოეთი – სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების ორი მთავარი მწარმოებელი კარანტინშია და მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, რის გამოც წამლების ბაზარზე ბევრი ყალბი წამალი გამოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ჯანმომ პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა, საერთაშორისო ოპერაცია “პანგეას“ ფარგლებში ინტერპოლმა შვიდი დღის მანძილზე 90 ქვეყანაში 121 ადამიანი დააპატიმრა. სამართალდამცავებმა 14 მილიონი დოლარის ღირებულების საშიში ფარმაცევტული პროდუქციის კონფისკაცია მოახდინეს. მათ შორის იყო ათეულ ათასობით უხარისხო სამედიცინო ნიღაბი.

მალაიზიიდან დაწყებული მოზამბიკით დამთავრებული პოლიციელებმა ათობით ათასი მედიკამენტი ამოიღეს, რომელთა ნაწილი თითქოსდა Covid-19-ის სამკურნალო იყო.

ინტერპოლის გენერალური მდივნის, იურგენ შტოკის განცხადებით ჯანდაცვის სისტემების კრიზისის დროს მსგავსი კონტრაფაქტული საქონლით ვაჭრობა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე მოსალოდნელი იყო.

ჯანმოს მონაცემებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში  ყალბი მედიკამენტებით ვაჭრობის მოცულობა 30 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს მედიკამენტები დაბინძურებულია, ან შეუსაბამო ინგრედიენტებს შეიცავს, ან საერთოდ არ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, ან ვადაგასულია.

უკეთეს შემთხვევაში ისინი არ უმკურნალებენ იმ დაავადებას, რისთვისაც თითქოსდა განკუთვნილია, უარეს შემთხვევაში კი ადამიანის ორგანიზმს ზიანს მიაყენებენ, რადგან შესაძლოა ტოქსიურ ნივთიერებებს შეიცავდნენ.

მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრია 1 ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. მიწოდების ჯაჭვი ისეთი ქვეყნებიდან იწყება, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში მდებარე დაფასოების საწყობებით გრძელდება და დისტრიბუტორებამდე მიდის, რომლებიც ამ წამლებით შემდეგ მთელ მსოფლიოს ამარაგებენ.

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ საკარანტინო ზომების მიღება დაიწყო, ექსპერტების თქმით მომარაგების ამ ჯაჭვმა რღვევა იწყო.

რამდენიმე ინდურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი არსებული სიმძლავრეების მხოლოდ 50–60%–ს ამუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ინდური კომპანიები ძირითადი მედიკამენტების 20%–ით აფრიკას ამარაგებენ, აფრიკის ქვეყნებმა უკვე იგრძნეს დეფიციტი, მათ შორის არსებითად მნიშვნელოვანი მედიკამენტების, როგორიც არის ანტიბიოტიკები და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

მძიმე დღეში არიან მწარმოებლებიც, რადგან წამლებისთვის საჭირო ინგრედიენტები იმდენად გაძვირდა, რომ ზოგიერთი კომპანია გადარჩენისთვის იბრძვის.

მაგალითად, ერთ–ერთი პაკისტანური მწარმოებელი ბიბისის უყვება, რომ ადრე ის მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროხინის საწარმოებლად საჭირო ინგრედიენტებს ერთ კილოგრამს 100 დოლარად ყიდულობდა. ახლა კი ფასი 1150 დოლარამდე გაიზარდა.

იმ ფონზე, როცა ქვეყნების დიდ ნაწილში კარანტინია პრობლემა მხოლოდ წარმოების შემცირება არ არის. მთელ მსოფლიოში რადიკალურად არის გაზრდილი სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების მოხმარება. ადამიანები საოჯახო აფთიაქების მარაგებს ავსებენ. შექმნილი სიტუაციის გამო, როცა მოწოდება შემცირდა, მოთხოვნა კი გაიზარდა, შეიქმნა კარგი საფუძველი იმისათვის, რომ მოთხოვნა–მიწოდებას შორის გაჩენილი სიცარიელე ყალბი მედიკამენტებით შეივსოს.

ფარმაცევტები და ფარმაცევტული კომპანიები მთელ მსოფლიოში განგაშს ტეხენ, რადგან მალე შეიძლება მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების სერიოზული დეფიციტი შეიქმნას.

მას შემდეგ, რაც აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის ბრიფინგზე მალარიის საწინააღმდეგო ქლოროქინის და მისი შემადგენელი ჰიდროქსილქლოროხინის ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე ისაუბრა, ამ პრეპარატებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.

ჯანმომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი, რომელიც ამ პრეპარატების ეფექტურობაზე მიუთითებდა. ამის მიუხედავად ტრამპმა ერთ–ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა: “რას კარგავთ? მაინც დალიეთ.“

წარმოქმნილი დეფიციტის შემდეგ, აფრიკაში , სადაც ანტიმალარიული პრეპარატები უმნიშვნელოვანესია, მათი ფასი ხუთჯერ გაიზარდა და ყალბი მედიკამენტებიც გამოჩნდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ყალბი მედიკამენტების პრობლემებზე მომუშავე ექსპერტი, პოლ ნიუტონი გვაფრთხილებს, რომ პანდემიის ფონზე ყალბი და საშიში მედიკამენტების გავრცელეა გაიზრდება, თუ მთელ მსოფლიოში სახელმწიფოები ამ მოვლენასთან საბრძოლველად არ გაერთიანდებიან.