კორონავირუსის პერიოდში პრეზიდენტის ექსკურსიებზე 21 ათასი ლარი დაიხარჯა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის შიდა მივლინებები ბიუჯეტს ჯამში 21 364 ლარი დაჯდა. ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე 15 232 ლარი, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტლის ხარჯების ნაცვლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე რაღაც სხვა დოკუმენტია გამოქვეყნებული და დარჩენილი სამი კვარტლის მონაცემებით პრეზიდენტის ვიზიტებში 1.35 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მივლინებების გარდა, ადმინისტრაციის ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომომსახურებაზე გადანაწილდა. 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ მიზნით ჯამში 173 848 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 125 407 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 58 441 ლარი დაიხარჯა.

2019 წლის მონაცმებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 39 მანქანა იყო აღრიცხული, რაც 7 ერთეულით ჩამოუვარდება 2018 წლის მონაცემებს.