თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს აქვს ეპიდაფეთქების ზონაში, კერძოდ სვანეთში მოგზაურობის ისტორია, 4 შემთხვევა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 არის იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და გახდა 1088. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. ამ 216 პაციენტის განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთია, გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ, პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს.
ჩვენი ცენტრის მონაცემების მიხედვით, გუშინ გვყავდა 31 დადასტურებული პაციენტი. ახალი დადასტურებული პაციენტი გუშინ ჩვენთან არ მოთავსებულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 და დღეს დილის მონაცემებით, 29 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, აქედან 1 პაციენტი აღარ განიხილება როგორც მძიმე, მისი მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში ამ ეტაპზე 2 მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.