ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გაანცხადა, რომ კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძმისაა.
„მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ჩატარებული კვლელევით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.