კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს

ახალ კვლევაში, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარს-კოვ-2, დაავადება კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი, ადამიანის კანზე 9 საათი ძლებს. და ეს მაშინ, როცა ინფლუენზას (გრიპის) ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა კანზე საშუალოდ 2 საათი იყო. კვლევაში „ა“ ტიპის ინფლუენზას ვირუსს (IAV) აკვირდებოდნენ.

აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი მეტალი, ან პლასტმასა, 8-ჯერ მეტი გამძლეობით გამოირჩეოდა, ვიდრე გრიპის ვირუსი. ადამიანის კანზე კი მისი სტაბილურობა ჯერ დაზუსტებული არ იყო.

ამგვარი გამძლეობა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებს კონტაქტით კიდევ უფრო ზრდის, რაც პანდემიასთან ბრძოლას ართულებს. თუმცა, ყველაზე კარგი სიახლე ამ ყველაფერში ის არის, რომ იაპონელი მეცნიერების თქმით, ვირუსის სარს-კოვ-2 განეიტრალება ადამიანის კანზე, სულ 15 წამში ხდება, 80%-იანი ეთილის სპირტით.

შესაბამისად, ადეკვატური ჰიგიენა გავრცელების რისკებს სწრაფად და ეფექტურად ამცირებს. საუბარია ხელის ხშირი დაბანაზე და სადეზინფექციო საშუალებების რაციონალურ მოხმარებაზე.

იაპონელ მეცნიერთა ნაშრომი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების ჟურნალში „კლინიკური ინფექციური დაავადებები“. მისი დეტალურად გაცნობა შეიძლება „ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის“ მეშვეობით. კვლევის წამყვანი ავტორები არიან რიოჰი ჰიროში და ჰიროში იკეგაია.