კორონავირუსი მკვლელი არ არის, ნუ გამოვიყენებთ მას ფსიქოლოგიური ტერორისთვის- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი მკვლელი არ არის- თუ პაციენტის მიზანმიმართულად უმკურნალებენ და მისი მდგომარეობაც ხელს შეუწყობთ, ინფიცირებული აუცილებლად ყველა განიკურნება.

„აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა განიკურნება. ნუ გამოვიყენებთ ამ ვირუსს ფსიქოლოგიური ტეროტისთვის. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, კონტაქტური და ადეკვატური გახდა, რაც იმის ნიშანია რომ ,,ომში გავიმარჯვეთ”.

,,დღეს ძალიან ბედნიერები ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ რომ პაციენტი რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის და მისი სომატური პათოლოგიისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ. პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია, გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს და დღის ბოლომდე შესაძლებელია, მოიხსნას პაციენტი აპარატიდან”,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისი განმარტებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 77 პაციენტი იმყოფება, მათგან 17კორონავირუსით ინფიცირებულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიციების 110 შემთხვევა დასტურდება, მათგან 21 განიკურნა.