კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას-გაეროს გენმდივანი

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 75 წლიანი არსებობის განმავლობაში, ორგანიზაცია ისეთი გამოწვევების წინაშე არასოდეს მდგარა, როგორც დღეს, რადგან კორონავირუსუსის პანდემია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

“პანდემია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას – რასაც პოტენციურად შეუძლია მიგვიყვანოს სოციალურ არეულობამდე და ძალადობამდე. ეს კი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს,” თქვა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ხუთშაბათს 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაავადებაზე შეატყობინა, რომელსაც ჰუბეის პროვინციაში ებრძოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს კოვიდ-19 იყო, დაავადება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს.

გაეროს უშიშროების 15 წევრიან საბჭოს სამი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა მოეწვია, მაშინ როცა ამ სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, 1.6 მილიონი ადამიანი დაავადდა და 95 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს არჩეულმა 10-მა წევრმა მოითხოვა. მათ გენერალურ მდივანს სთხოვეს საბჭოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად ახდენს კორონავირუსი გავლენას ორგანიზაციის სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ოპერაციებზე.

 

წყარო: ამერიკის ხმა