კორონავირუსი სომხურ ოცნებებს დანგრევით ემუქრება

კორონავირუსმ შესაძლოა დაანგრიოს სომხეთის იმედები და ოცნებები, რაც ქვეყანას ბოლო დროს გაუჩნდა. ევრონიუსი ამბობს, რომ 2018 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანა არნახულ აღმავლობას განიცდიდა და  ეკონომიკური ზრდის ტემპებით ის “ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოსაც უსწრებდა“.

გასულ წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნეს აქტივობის ზრდამ 7.6% შეადგინა. სიღარიბის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. გაჩნდა ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი, დაიწყო ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები. სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს დიასპორის წარმომადგენლებმა.

თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენა.

“ძალიან შთაგონებული ვიყავი 2018 წლის რევოლუციით, როცა ნიკოლ პაშინიანი პრემიერ მინისტრი გახდა. სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავალაგეთ ბარგი და სომხეთში დავბრუნდით. რამდენიმე ხნის შემდეგ საკუთარი კომპანია გავხსენით, წარმოება დავიწყეთ. ყველაფერი შესანიშავად იყო იმ მომენტამდე, სანამ ორი თვის წინ პანდემია არ დაიწყო“– ამბობს შოკოლადის ფაბრიკის თანამფლობელი აიკ არუთუნიანი.

კარანტინის პირობებში ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო. წარმოება ზოგ სფეროში 90%–ით შემცირდა. ხელისუფლება წელს მინიმუმ 4.5%–იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა პროგნოზს გადახედა და 0.7%–მდე შეამცირა.

სომეხი ეკონომისტი, ტატულ მანასერიანი ამბობს, რომ სომხეთის ეკონომიკა პირველ მკაცრ გამოცდას გადის:

“შიდა სირთულეებს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები დაემატა. ყველაზე მეტად მშენებლობა და ტურიზმი დაზარალდა, რადგან ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ეკონომიკის სხვა სექტორებთან.“

ერევანმა მხარდაჭერის რამდენიმე პაკეტი მიიღო, მათ შორის საგადასახადო არდადეგები და პირდაპირ  დახმარება საწარმოებისთვის. მაგრამ მიუხედავად წარმატებებისა, მისი ეკონომიკა ჯერ არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად მაშტაბური პროგრამებისთვის გაეძლო.

“მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ჩვენი მაღაზია ისევ დახურულია. არ ვიცით როგორ გადავიხადოთ ვალები. იმედი მაქვს მალე მოგვცემენ მუშაობის უფლებას, რომ როგორღაც ამ სიტუაციიდან გამოსვლა შევძლოთ“– ამბობს ნაირა ხანოიანი, სათამაშოების მაღაზიის მფლობელი.

ბოლო მონაცემებით სომხეთში კორონავირუსის 1300–ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 20 ადამიანი. რესპუბლიკაში კარანტინი 16 მარტს შემოიღეს და ის მინიმუმ 14 მაისამდე გაგრძელდება. ერევანი პირობას დებს, რომ შემზღუდავ ზომებს თანდათანობით შეამცირებს, პირველ რიგში ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე.