კორონავირუსი სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კარგია, რომ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა სანამ დედამიწაზე არის კორონა, “კარგი დღე არ გვექნება”.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები დაიცავენ წესებს, კორონავირუსი იქნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება მასთან თანაცხოვრება.

“კორონა ისევ გრძელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როდესაც ქვეყანა გაიხსნებოდა, შემთხვევების დაბალი ნიშნული ყოფილიყო – ეს გამოგვივიდა და ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, კორონა იქნება მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ შეგვაწუხოს. კორონასთან თანაცხოვრებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიახლოებულ ყოფას ძალიან მცირე შეზღუდვებით”,- ამბობს იმნაზე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, მინიმალური შეზღუდვა, რომელიც უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, არის ფიზიკური დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეში.

იმნაძემ აღნიშნა, რომ 2 დღეში ახალი ავტობუსები “ციდან ვერ ჩამოფრინდება”, ამიტომ ადამიანებმა ტრანსპორტი მათ უნდა დაუთმონ, ვისაც უფრო სჭირდება.

“თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე, წადი რა ფეხით, თუ ახალგაზრდა ხარ და 4 გაჩერებაზე მიდიხარ, წადი ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც მართლა შორს მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. ხო არ შეიძლება უცებ, 2 დღეში ციდან ჩამოფრინდეს ახალი ავტობუსები, ამიტომ ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ [პასუხისმგებლობა]“, – თქვა პაატა იმნაძემ.